Written by: Mohsen Makhmalbaf
მოჰსენ მახმალბაფი
თარგმანი თეა შურღაიასი
სულის ოპერაცია
საზარელ ისტორიას გიამბობთ. გამომცემლის ნებართვით, მკითხველს ვურჩევ, არ წაიკითხოს. გამომცემელმა ისიც კი გადაწყვიტა (მართალია, არ უთქვამს, აუცილებლადო) გარეკანზე დააწეროს: “თვრამეტ წლამდე ასაკის პირთათვის ამ წიგნის წაკითხვა აკრძალულია. ვისაც სუსტი გული ან ნერვები აქვს, ნუ წაიკითხავს”. არ ვიცი, როცა წიგნს ხელში აიღებთ, ყდაზე გამაფრთხილებელ წარწერას აღმოაჩენთ თუ არა. არ გამოვრიცხავ, მოთხრობა ამ რამდენიმე სტრიქონითაც კი დაიწყოს.
მოკლედ, ერთი თავნება კაცი გახლდით და, სხვა მრავალთა მსგავსად, თავი ხიფათში მქონდა გაყოფილი. გამომცემელმა ამიკრძალა იმის გამჟღავნება, რომელ იდეოლოგიას, დაჯგუფებასა თუ გაერთიანებას მივეკუთვნებოდი. კაცმა რომ თქვას, არც არაფერში გჭირდებათ. ეს დეტალებია. ერთხანს ვფიქრობდი: სხვა რომელიმე ჯგუფის ან დასის წევრიც რომ ვყოფილიყავი ან სხვა იდეოლოგიის მიმდევარი, ამით არაფერი შეიცვლებოდა. ეს არის არსებითი. მთავარია, შარიან საქმეს მოვეკიდე და ხიფათმა ყველაფერი გადამავიწყა. თქვენ, ალბათ, ამას მრწამსს დაარქმევთ. სიტყვებმა ჩემთვის უკვე ემოციურობა დაკარგეს. არც რამ წმინდა დამრჩა, რომ მასზე დავიფიცო: არც ერთი სიტყვისა არა მჯერა. იქნებ იკითხოთ: “მაშ, რაღა გალაპარაკებსო?” ყველაფერი ნათელია: მომთხოვეს და მეც ვასრულებ _ იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც მანამდე სხვა რამეები ჩავიდინე. თავდაპირველად ასე არ მეგონა. მაშინაც კი, როცა დაპატიმრებული ვიყავი, ყველაფერს ვიფიქრებდი ამის გარდა.
მშვიდად ჩაიარა ყველაფერმა. ქუჩაში დამაპატიმრეს. ამას მოჰყვა ცოტ-ცოტა ჩვეულებრივი წამება: საწოლზე დაბმა და ფეხისგულებზე, წელსა და დუნდულებზე შოლტის ცემა, ელექტროშოკი, მძიმე ხელბორკილი, თავქვე დაკიდება, “ვინსტონით” ამოშანთვა _ ეს სიგარეტი ხომ უკეთ წვავს. მეც, როგორც წესი და რიგია, ყველაფერი ავიტანე. შეთანხმებულ ზღვარს რომ გადავაბიჯე, ყველაფერში გამოვტყდი. ახლაც, როგორც ყოველთვის, ჩემი გამომძიებელი ვერაფერს გახდა _ სულ გაბაზრებული ინფორმაცია დავუფქვი. თავადაც მეუბნებოდა, როცა გირტყამდი, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ იმ რამდენიმე საათში რამეს დაგაცდენინებდი, მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდიო. ხმა არ გამიღია. მაშინ ავლაპარაკდი, როცა აზრი აღარ ჰქონდა ცემის მოთმენას. კიდევ შემეძლო საათები, თუნდაც დღეები ამეტანა ცემა და არაფერი გამეთქვა, მაგრამ ახლა, როცა უკვე საჭირო აღარ იყო, ჩვენს საათივით აწყობილ ორგანიზაციას კი ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, მეორე დათქმული მიჯნის გადალახვის შემდეგ შემეძლო თავისუფლად ავლაპარაკებულიყავი ისე, რომ არავინ დაეჭირათ. რა აუცილებელი იყო, შოლტი მომხვედროდა? ავდექი და ყველაფერი გმირულად დავფქვი. ჩემი გამომძიებელიც კი მასხრად ავიგდე. ის კი არა, რომ გამემწარებინა, ვუთხარი, ნეტავ, შენც მომეკალი-მეთქი. გამომძიებელმა მშვიდად მკითხა: “განა მიცნობდი?” კი, რევოლუციონერების რადიოდან გაგონილი მქონდა შენი სახელი და ვიცოდი შენი კაიკაცობის ამბავი. ეგ არის და ეგ-მეთქი, მივუგე.
როგორ გაუსწორდა ასეთი პოპულარობა! საკუთარი წარმატებით გალაღებული თავდაჯერებული კაცივით მოუკიდა სიგარეტს. მერე თავაზიანი ოფიციანტივით საგამოცდო ფურცლის მსგავსი ღერბიანი ქაღალდი დამიდო:
_ შენს ჩვენებას რით დაადასტურებ?
დავუწერე, ხელმოწერით-მეთქი. მითხრა, თითის ანაბეჭდიც დატოვეო.
დანარჩენი ხომ ისედაც ცხადი იყო. არ მჭირდებოდა პროკურორის ბრალდებების მოსმენა, ან ჩემს “საქმეში” “შეიარაღებულ მეამბოხეთა დაჯგუფებაში მონაწილეობის” შესახებ მუხლის ნახვა, რაც, სულ მცირე, სიკვდილის დასჯას გულისხმობდა. დაპატიმრებამდეც ვიცოდი, რომ ჩემი დახვრეტის ბრძანება გაცემულია. ამიტომაც, როდესაც ჩემმა ცოლმა სუსანმა, ქალიშვილმა მუნამ და დედაჩემმა ნარგესმა მომინახულეს, სამუდამოდ გამოვეთხოვე მათ და ვუთხარი, არ დამლოდებოდნენ, შესაძლოა, ეს ბოლო შეხვედრა ყოფილიყო.
ეს იქიდანაც ჩანდა, რომ პირველი სასამართლოს შემდეგ ერთკაციან საკანში მომათავსეს. მეორე სასამართლოს მერეც ერთკაციან საკანში მოვხვდი. ის ერთი თვე, აპელაციის მოთხოვნა რომ გაითამაშეს, კედელზე ჩემს გალეულ ლანდს შევცქეროდი და დღეებსა და საათებს ვითვლიდი.
ამასობაში დადგა დახვრეტის წინა ღამე. ციხის, წამებისა და იმის თაობაზე, რაც იქ უნდა გადამხდომოდა, დაპატიმრებამდე იმდენი მქონდა წაკითხული და გაგონილი, რომ ჩემთვის იმთავითვე ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. ჰოდა, წესით, ხვალ, ანუ მეორე სასამართლოდან ზუსტად ერთი თვის თავზე, სასიკვდილო განაჩენი უნდა აღსრულებულიყო. ამიტომ შევეცადე, დახვრეტისთვის მოვმზადებულიყავი. რა თქმა უნდა, გაიკვირვებთ, სიკვდილის წინა ღამის შესახებ ასე გულგრილად როგორ ვლაპარაკობ, არ ვყვები, რა დღეში ვიყავი, როგორ ვიქცეოდი. სავსებით ბუნებრივია. დღევანდელი გადასახედიდან ყოველგვარი აღელვების გარეშე ვფიქრობ იმ წუთებზე. ჩემთვის სულერთია, იმ ღამით შეშინებული ვიქნებოდი თუ სიკვდილით აღტყინებული. სინამდვილეში, ერთიც იყო და მეორეც. როცა იცი, რომ სიკვდილი გარდაუვალია და აქ ყველაფერი დამთავრდა, გინდა, მოსახდენი რაც შეიძლება მალე მოხდეს. გარდაუვალი სიკვდილი უფრო იოლია და ადვილად მისაღები, ვიდრე სავარაუდო სიკვდილი, რომელიც, ღმერთმა იცის, როდის მოგეწევა. ასეა თუ ისე, უკანასკნელ წუთებში მომაკვდინებელი მოლოდინი გახრჩობს, რადგან ასე მარტივად უნდა დამთავრდეს ყველაფერი და უკან დაბრუნება შეუძლებელია; რადგან ადამიანმა არ იცის, სად წავა _ აი, ეს არის ყველაზე უარესი.
იმ ღამით, იქნებოდა ასე რვა საათი, როცა დაკეტილი კარის ხმა გაისმა. გუშაგის ფეხის ხმამ ჩემს საკნამდე მოაღწია. საკნის კარის რაზა გაიღო და შუქმა შემომანათა. სინათლეზე გუშაგის ფიგურა ჩემზე წამომართულ ურჩხულად მომეჩვენა. არ ვიცი, ასე პატარად რად ვიგრძენი თავი. თითქოს სხეული გამნახევრებოდა. მაშინაც, როცა მის ხმაზე უნებურად წამოვიწიე და ავდექი, ისევ მომეჩვენა, თითქოს მისი ნახევარი ტანისა ვიყავი, სიგრძე-სიგანით რამდენჯერმე აღმემატებოდა. გუშაგმა თვალები ამიხვია, ხელი მომკიდა და საკნის კარი დაკეტა. გახევებული პლასტმასის ფოსტლები ჩექმით ჩემკენ გამოაცურა. ჩავიცვი და გზას გავუდექი. კიბეზე ასვლისას მივხვდი, გამომძიებლის ოთახისკენ მივდიოდით, მეორე სართულზე. ჩემი გრძნობები განსხვავდებოდა ადრინდელისაგან, როცა ხან მდგომარე და ხან _ მჯდომარე დაკითხვაზე ამ კიბით ავდიოდი. გამომძიებლის ოთახში რომ შევედი, გუშაგმა თვალიდან სახვევი მომხსნა და წავიდა. როგორც ყოველთვის, გავიდა რამდენიმე წამი, სანამ გამომძიებელსა და ოთახს მკაფიოდ აღვიქვამდი. არსად ჩანდა ამ ადგილისათვის დამახასიათებელი, ფილმებში რომ აჩვენებენ, ისეთი განათების კვალი. ოთახს ნეონის ორი ნათურა ანათებდა. ამ შუქზე გამომძიებელი ფერმიხდილი ჩანდა. წამით ისიც ჩემი სიკვდილით შეშინებული მომეჩვენა. დაჯდომა შემომთავაზა, სიგარეტიც კი მომიკიდა და მკითხა, რამეს ხომ არ ვინებებდი. იმდენად გათიშული ვიყავი, პასუხის თავი არ მქონდა. რომ შეიძლებოდეს, ახლა თავად მას ვკითხავდი, რა ვუპასუხე მაშინ. ალბათ, მაინცდამაინც ქედმაღლობის გუნებაზე არ ვიქნებოდი და “არას” არ ვიტყოდი. უკანასკნელ წუთებში საკუთარ თავთან იმდენად გულწრფელი კი ვიყავი, რომ თავაზიანობაზე უარის თქმით არ მეკეკლუცა და ისევ რევოლუციონერობაზე არ დამედო თავი. ჩემთვის ისიც კმაროდა, რომ სიკვდილთან შეგებება არ გამჭირვებია; ჩემ უკან ყველა ხიდი საგულდაგულოდ გადავბუგე, რათა, რომ მომენდომებინა, უკან დაბრუნება ვერ მომეხერხებინა. არ მეშინოდა, ცოცხლად დარჩენის იმედი არა მქონდა. ჩემი საქმე იმდენად მძიმე იყო, რომ შეწყალების ალბათობა არ არსებობდა. მშვიდად ვიყავი, იმდენად, რომ “სამუდამო” “სიკვდილით დასჯაზე” უკეთესად არ მეჩვენებოდა. თუკი გამომძიებლის შემოთავაზების პასუხად არაფერი ვითხოვე, როგორც ჩანს, არც არაფერი მდომებია. ვერ გადმოგცემთ იმ ადამიანის გრძნობებს, რომელმაც იცის, რომ მოკვდება. ამ გრძნობის აღწერა შეუძლებელია. ისიც მსმენია, თურმე ბევრ რიგით მსჯავრდებულს არ სჯერა, რომ მოკვდება, ამიტომაც მშვიდად და თვინიერად მიდის სახრჩობელასთან. მე კი მჯეროდა. ვინ იცის, იქნებ სხვების შესახებაც ტყუიან.
გავიდა რამდენიმე წამი და გამომძიებელმა ხმა ამოიღო:
_ გული არ მიშვრება ცუდი ამბის თქმას შენთვის.
მისი სიტყვები დამცინავად ჟღერდა. გავიფიქრე: “ნუთუ იმდენად ბრიყვია, არ იცის, რომ სასამართლოდან სიკვდილის განაჩენი მიღებული მაქვს? საათი და წუთიც კი შემიძლია ვივარაუდო.” თითქოს ფიქრს მიმიხვდაო. ადრეც მინახავს მისი ასეთი გამომეტყველება. ხშირად თამაშობდა, თითქოს ყველაფერი იცოდა და ჩემი აზრების წაკითხვაც შეეძლო.
_ არა, სიკვდილით დასჯაზე არ გეუბნები, ეგ ხომ ისედაც იცი. ამაზე უარესი ამბავია. მაგიტომაც არ მინდოდა ამის თქმა ახლა, როცა სიკვდილისთვის ემზადები. მოდი, თვითონ ნახე. გაზეთში წერია ყველაფერი.
წინ გაზეთი დამიგდო. ჯერ კიდევ გათიშული ვიყავი, ამიტომ რეაქცია არ მქონია. გაზეთი დაბლა დავარდა. აიღო, ჩემთვის რომ ეჩვენებინა. გადაფურცლა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. ისევ დახედა და გაითამაშა, თითქოს, რაც უნდოდა, იმას ვერ პოულობდა. გაზეთი მაგიდაზე დამიდო და გარეთ გავარდა. ვგრძნობდი, რომ იმ იდეალის გულისათვის, რომელმაც აქამდე მომიყვანა, ჭკუა უნდა მყოფნოდა და ამ ბოლო ანკესზე არ წამოვგებულიყავი. თუმცაღა, ჩემი ორგანიზაცია იმდენად სრულყოფილი იყო, რომ, გინდაც მოვტყუებულიყავი და მისთვის ზიანის მიყენება გადამეწყვიტა, ვერ შევძლებდი. ეს კი საკუთარი თავისადმი რწმენას მიმტკიცებდა... მაგრამ ცნობისმოყვარეობა არ მასვენებდა, მინდოდა, გამეგო, რა მოიგონეს ასეთი, ან რა ფაქტი შეიძლებოდა კაცის სიკვდილით დასჯაზე უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო.
გამომძიებელი დაჭმუჭნილი, გაქონილი გაზეთით დაბრუნდა ოთახში და მითხრა: “აჰა, მოდი. სადილის ჭურჭლისთვის გაუყოლებიათ გარეთ. ვირები არიან ეს გუშაგები.”
ნაავარიევი მანქანა იყო გადაღებული. ერთხანს გამომძიებელს, მის საჩვენებლ თითსა და ფოტოს მივაშტერდი, რომელზეც მიმანიშნებდა. ვერაფერი აღმოვაჩინე. მერე გაზეთი სკამის სახელურზე ჩამომიდო, წავიდა, მაგიდას მიუჯდა და მითხრა:
_ ნებისმიერ შემთხვევაში, ვწუხვარ, ასეთი ყოფილა განგების ნება: შენ და შენი ოჯახი ერთდროულად უნდა წასულიყავით ამ ქვეყნიდან.
იმწუთას ისეთივე გრძნობა მქონდა, როგორიც არაერთხელ განმიცდია, როცა ელექტროხელკეტს მიმაერთებდნენ ხოლმე. გაფიჩხებული ვიყავი, ტანი ნემსებით მეჩხვლიტებოდა, თვალები დამებინდა. წამით დამავიწყდა, სად ვიყავი.
დანამდვილებით არ მახსოვს, როგორ დავხედე გაზეთს და როგორ მოვერიე თვალწინ აკიაფებულ ვარსკვლავებს. სიმართლე აღმოჩნდა: სუსანი, მუნა, დედაჩემი და უცხო მამაკაცი _ მძღოლი, მიკროავტობუსთან შეჯახების შედეგად დაღუპულიყვნენ.
გუშაგმა საკანში წამიყვანა. გამომძიებელმა ნება დამრთო, გაქონილი გაზეთი თან წამეღო. საკანში ინფორმაცია ათასჯერ წავიკითხე და არ დავიჯერე. ალბათ, ჩემთან შეხვედრიდან მიბრუნებულებს ავარია მოუხდათ, ალბათ, მძღოლს ჩაეძინა... თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ უეცრად, ჩემზე უწინ დაიხოცნენ. ათასნაირად წარმოვიდგინე ავარიის სცენა. მახსოვს, ხმამაღლა ვტიროდი და საკნის კარს თავს ვურტყამდი.
დილა იქნებოდა. საკანში გამომძიებელი შემოვიდა, გუშაგის სკამი დაიდგა, თან მოტანილი თერმოსიდან ჩაი დამისხა და მითხრა, ასეთი რამ ყველას ემართება და უმჯობესია, დახვრეტისთვის მოემზადოო. თავისი ჩაიც არ დაულევია, მე დამაძალა დალევა. უამრავი ილაპარაკა, ყური არც დამიგდია, რადგან გონებაში უცნაური სურათები კრთებოდა და ჩემი ფიქრიც თან მიჰქონდა: ოჯახის ავარია, სასიკვდილო განაჩენის აღმსრულებლები, მეგობრები, რომლებიც ხვალ ჩემი მოწამებრივი სიკვდილის ამბავს ქვეყანას მოსდებენ...
ისევ გაისმა დაკეტილი კარის ხმა. გამომძიებელი გამომემშვიდობა და ვიგრძენი, რომ, მკვდრისა არ იყოს, შურისძიების გრძნობისაგან დავიცალე. სიკვდილის აჩრდილმა ისე ჩამითრია ფიქრებში, რომ სულ გადამავიწყდა, ეს კაცი ჩემი მტერი რომ იყო და დასახვრეტად მისტუმრებდა. ზედ არ შემიხედავს გუშაგებისთვის, რომელთაც ისე ნაზად მოეკიდათ ხელი ჩემთვის, თითქოს ძვირფასი სნეული ექიმის სანახავად ან სამკურნალოდ ფრთხილად მიჰყავდათ. არ ვიცი, რატომ გავიფიქრე, რომ დახვრეტისთანავე ჩემს ოჯახთან აღმოვჩნდებოდი. არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ გატეხილი თავითა და დამტვრეული ცხვირ-პირით უნდა მენახა ისინი ან საკუთარ თავს დაცხრილული მკერდით რატომ წარმოვიდგენდი. საბრალო მუნა! საბრალო სუსანი! ნეტავ უწვალებლად მომკვდარიყვნენ! ისიც ვერ გადამეწყვიტა, რა მენატრა: ცოცხლები ყოფილიყვნენ, ჩემზე ედარდათ, გარეთ მჩქეფარე ცხოვრებით ეცხოვრათ, თუ ღმერთისთვის მადლობა შემეწირა, რომ დაიხოცნენ. ერთი სიტყვით, იმ კაცის განცდები დამეუფლა, რომელსაც საყვარელი ადამიანი მოუკვდა, დასახვრეტად მიჰყავთ და დედის სიკვდილსა და საკუთარ სიკვდილს შორის ბეწვის ხიდზე გავლა უხდება. უკვე საკუთარ თავზე მგლოვიარე მიცვალებული ვიყავი, რომელიც თავის უჭირისუფლო საფლავზე დარდობს.
ჩიზარის გარნიზონი სხვაგვარად წარმომედგინა. რატომ მეჩვენებოდა სხვების სიკვდილი ასე რომანტიკულად? ეს გარემო იმდენად ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული აღმოჩნდა, თითქოს კაცს, რომელიც აქ სიცოცხლეს უნდა გამოთხოვებოდა, არანაირი პოლიტიკურ-ემოციური ღირებულება არ გააჩნდა, თითქოს აბანოში მივედით უჩვეულო, ნაცნობ ადგილას. სასწრაფო დახმარების მანქანიდან ჩამოსულს რამდენიმე გუშაგი შემომერტყა. ერთ-ერთმა, ყველაზე ტანმოსულმა, დანარჩენები უკან გასწია, ხელი დამავლო და დაიძახა:
_ უკან დაიხიეთ! რაო, ისევ ლეშით ძღომა მოგინდათ? აბა, უკან! თვითონ გავანაწილებ.
გუშაგები დადგნენ. მან კი რამდენიმე ნაბიჯით განზე გამწია და ჩხრეკა დამიწყო. ფეხებზე ხელს რომ მისვამდა, მკითხა:
_ სამართებელი ხომ არა გაქვს თან?
_ სამართებელი? რისთვის?
_ რისთვის და, ემანდ, შიშისგან თავი არ მოიკლა, ყოფილა შემთხვევა...
მინდოდა, წიხლი ჩამეზილა სიფათში, მაგრამ მხოლოდ შევაფურთხე. ფურთხი ოდნავ ასცდა. ისევ შემეკითხა:
_ საათი სადაა?... ჩვენზე მარჯვე ბიჭებმა დაგაწერეს?
ერთ-ერთი გუშაგი მოგვიახლოვდა და უთხრა: “მაგის ტანსაცმლის ტომარა მანქანაშია, ჩამოვიღო?” “არა, მერე იყოს, _ უპასუხა ზორბამ, _ გააღე პირი, ერთი ვნახო!” ყბაში მუშტი მატაკა და პირი გამიღო:
_ თქვი ააა, თქვი ააა!
მეგონა, სტომატოლოგთან ვიყავი და კბილებს ცოცხლად მაძრობდნენ. გაავებით ჩავაფრინდი თითზე და ვუკბინე. სიფათში შევაფურთხე. მაშინ გუშაგები მეცნენ, სახეში მუშტები და წიხლი დამიშინეს. პირი გამიღეს. ერთ-ერთმა გუშაგმა თქვა: “არა აქვს. ყველა კბილი საღია.” ზორბამ პირში ჩამაპურჭყა. მერე სათითაოდ ყველამ ჩამაფურთხა. ერთმა პირი ღიად დამიტოვა და უნდოდა, შიგ ჩაეფსა, მაგრამ ვერ ქნა და დამეხსნა. ორმა მათგანმა ტანმსხვილ, დაცხრილულ, სისხლშემხმარ ხეს მიმაბა, რომლის ძირიც ფერით პროფილაქტორიუმის იატაკს ჰგავდა _ კაცს გული აერეოდა. თვალი ამიხვიეს, თავად საუბარს განაგრძობდნენ. მე კი თითოეული ნაკვთი ამიკანკალდა, ტანზე ეკლები მესობოდა, მუხლი მეკვეთებოდა. ერთ-ერთმა სასამართლოს განაჩენი წაიკითხა. მე კი ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ათასი საათი თოვლში მეგორაოს. იმან, ვინც განაჩენი წაიკითხა, დაიძახა, “დაიჩოქე!”-ო, მერე “მოემზადე!”-ო და _ “ცეცხლი!”
გაისროლეს. არანაირი ტკივილი არ მიგრძვნია. თავი მკერდზე ჩამომივარდა. ჯერ კიდევ მესმოდა მათი ხმები. ცოტა ხანში შორიდან მანქანის ხმა მოისმა. გაჩერდა. მერე ვიღაცამ თავში საკონტროლო ტყვია დამახალა. არც მაშინ მტკენია რამე. ოღონდ თავი ჯერ შემეკუმშა, მერე კუნთების უნებლიე სპაზმი მომეხსნა და მოვეშვი. ვიგრძენი, როგორ გამიხურა ფეხები საკუთარმა შარდმა. გუშაგებს ხარხარი აუტყდათ. ზორბა მომიახლოვდა, თვალებიდან სახვევი შემხსნა, თმაში მწვდა და მითხრა: “აბა ერთი, კიდევ გამიღე პირი, ვნახო, ხომ არ მომატყუე.”
მივხვდი, რომ არაფერი მომსვლია, მაგრამ ჯერ კიდევ მისი ტყვე ვიყავი. გაქცევა მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო. ერთ-ერთი გუშაგი მოგვიახლოვდა და იკითხა: “გავხსნათ?”
_ ჰო, უკან უნდა დავაბრუნოთ, _ მიუგო ზორბამ.
საშინელი გულისტკივილი ვიგრძენი იმის გამო, რომ მკვდარიც იმათ ხელში ვიყავი. როცა თოკები შემხსნეს, ჯერ კიდევ ფეხზე დგომა შემეძლო. მკერდი სისხლიანი არა მქონდა, მაგრამ ხის ძირას ცხელი სისხლის კვალი ჩანდა. გამომძიებელი მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა და მითხრა:
_ მოხარული ვარ. მე საიქიოს სავაქიდან1 გახლავართ.
გუშაგებმა გაიცინეს და ჩემი ხელი გამომძიებელს ჩაუდეს ხელში. მერე ხელი მკრეს და მანქანაში ჩამსვეს.
ვერ გეტყვით, რას ვგრძნობდი იმ წუთებში. უამრავი რამ გადამხდენია თავს, რაც ჩემს წარსულს ბურუსით მოსავს. ახლა ყველაფერი ცისფერ- მოიასამნისფრო ფერში მახსენდება, რომელსაც ზოგჯერ წითელი გადაჰკრავს ხოლმე. ყველაფერს, საკუთარ თავსაც კი, თითქოს ჭუჭყიან მინაში ვხედავ, ან იმ მიცვალებულის სათვალიდან, მორგიდან ხვატში რომ გამოიყვანეს. ყველაფერი ჭუჭყიანი მეჩვენებოდა და, საერთოდ, ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, სანამ მანქანაში გამომძიებელმა სიგარეტზე არ მომიკიდა და მითხრა:
_ შენი სასამართლო განაჩენი სისრულეშია მოყვანილი. ამიერიდან ოფიციალურად მკვდარი ხარ. ამ ინფორმაციას გაზეთები დაბეჭდავენ, ეროვნულ გმირთა რიგებს შეუერთდი.
მერე თვითონაც გააბოლა სიგარეტი და მძღოლს უთხრა, მაგნიტოფონი ჩართეო. მანქანა აავსო მუსიკამ, რომელიც ერთიანად წივილ-კივილი იყო და სხვა არაფერი, გვირაბში მოძრავი სასწრაფო დახმარების მანქანის სირენას მაგონებდა. გაოცებული ვიყურებოდი გარეთ. მთელი გზა მანქანის ფანჯარაში შიშველი ხეები მიჰქროდნენ. საპყრობილემდე კაციშვილს ხმა არ ამოუღია. მუსიკა ჩემს გაოგნებას უფრო ამძაფრებდა. არ ვიცოდი, მკვდარი ვიყავი თუ ცოცხალი. იქნებ ჩემი დახვრეტა დამესიზმრა? საკანში რომ დამაბრუნეს, მაშინაც კი ვერ გავარკვიე, მართლაც გადამხდა თავს თუ ეს ყველაფერი დამესიზმრა და ახლა გამომეღვიძა?
უცებ ვიგრძენი, რომ გულ-მკერდის ტკივილისგან ვიკლაკნებოდი, ფეხები მუცელზე მქონდა მიბჯენილი და ვღმუოდი. ისევ გაიღო საკნის კარი. ორი სახეწაშლილი გუშაგი შემოვიდა მეტისმეტად გაკვირვებული გამომეტყველებით. თითოეულ მათგანს ცხვირის ჩრდილი პირზე სამკუთხედად ეცემოდა. თან წამიყვანეს. შუა კიბემდე თვალიც არ აუხვევიათ. მოსახვევში ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა ჩემთვის თვალების ახვევა. ღამის დაკითხვიდან მომავალი ორი კაცი დავინახე, რომლებსაც ფეხზე ახლად დადებული სახვევი გასისხლიანებოდათ. გამომძიებლის ოთახში რომ შევედით, თვალსახვევი არ მოუხსნიათ, ეგრევე კარი დაკეტეს და წავიდნენ. არ ვიცი, რა დრო გავიდა, იქნებ ნახევარ საათზე მეტი არც ყოფილა, მაგრამ ჩემთვის ისე გაიწელა, რომ, ვგონებ, სამჯერ მოვასწარი მთელი ჩემი ცხოვრებისთვის თვალის გადავლება. მერე ცხვირი მომეფხანა და უნებლიეთ თითით თვალსახვევი გადამეწია. დავინახე ის, რაც არ უნდა დამენახა: ჩემი ქალიშვილი მუნა, მეუღლე სუსანი და დედაჩემი ნარგესი თვალახვეულები, ჩემსავით უმოქმედოდ, ჩემ წინ სკამებზე ისხდნენ. თვალსახვევი მოვიხსენი, შევკივლე და მათკენ გავექანე. მათაც კივილი ატეხეს. ცოლმა თვალებიდან სახვევი მოიძრო. ქალიშვილი სკამიდან გადმოვარდა, თვალახვეულ დედაჩემს გული შეუღონდა. სუსანს ასჯერ ვკითხე: “ცოცხლები ხართ? მე ცოცხალი ვარ?” იგი არ მოერიდა გამომძიებელსა და ორ კაცს, რომლებიც ოთახში გვერდით ედგნენ, მე კი აქამდე ვერ შევნიშნე, გადამეხვია და ატირდა. გონება დავკარგე.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. ის კი მახსოვს, რომ ტანსაცმელი და სხეული ერთიანად სველი მქონდა. ვიღაც სახეში მირტყამდა. წინ წითელი ვენტილატორი მიტრიალებდა. გონზე მოვედი. გამომძიებლისა და მისი თანმხლები იმ ორი კაცის გარდა ოთახში არავინ იყო. ერთ-ერთმა მათგანმა, უფრო ხნიერმა, რომელსაც მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი და შავი შარვალი ეცვა, ამოიღლიავებული მუშამბის საქაღალდიდან ფურცელი ამოიღო და წინ დამიდო. მეორეს, შავ პერანგსა და თეთრ შარვალში გამოწყობილ ახალგაზრდას, უთხრა, კალამი მიეციო. გამომძიებელმა თავი დამახრევინა, რომ ფურცელი წამეკითხა. მერე დამარცვლით მითხრა:
_ დაწერ ლამაზად, გარკვევით და თითო ხაზის გამოტოვებით! კითხვის გასწვრივ, რომელსაც ოთხი პასუხი აქვს, მხოლოდ ერთ-ერთს შემოხაზავ. ჯერ ამ კითხვას უპასუხე: “ცოცხალი ხართ თუ მკვდარი?”
მერე შვიდ-რვაჯერ თავში ხელუკუღმა დამკრა და დამიყვირა: “ნუ ფიქრობ, ჩქარა უპასუხე: ცოცხალი ხარ თუ მკვდარი? ცოცხალი თუ მკვდარი? ცოცხალი თუ...”
გაუცნობიერებლად ოთხი კვადრატიდან კალმით ნიშანი იმას დავუსვი, რომლის გასწვრივაც “ცოცხალი ხართ” ეწერა. მოხუცმა ამხანაგს უთხრა: “გონება უმუშავებს, კარგი ვარიანტია... განაგრძეთ”.
_ ახლა ეგ კითხვა, _ მითხრა გამომძიებელმა, _ “თქვენი ოჯახის წევრები ცოცხლები არიან?” არ დაფიქრდე! უპასუხე: ცოცხლები არიან თუ მკვდრები?
კვადრატი “ცოცხლები არიან” კეფაში მუშტების ცემის ქვეშ შემოვხაზე. მოხუცი დაფაცურდა: “ის ქვედა კითხვა ნახე, გვერდის ბოლოს. მიყოლებით კი ნუ უპასუხებ, თორემ მოემზადები. მერვე კითხვა... მერვე კითხვა: “ამ ამბის შესახებ თუ გსმენიათ რაიმე?”
გამომძიებელი გამალებით შეუდგა ჩემ თავში ცემას და გამუდმებით ძახილს: “არ დაფიქრდე! არ დაფიქრდე! უპასუხე!”
კალმისტარი დავაგდე და თავში წავიშინე, დავიწყე კივილი და მოთქმა. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, სად ვიყავი და არაფერს შეეძლო ამ გაურკვევლობიდან ჩემი გამოყვანა. თავს რომ ვიცემდი, გამომძიებელმა და იმ ორმა სცადეს, ხელი შეეშალათ ჩემთვის, რომ მეტისმეტი არ მომსვლოდა. ის კი არა, მოხუცის მითითებით, გამომძიებელმა თმაზე ფერება დამიწყო, შუბლზე მაკოცა. მერე ჩემთვის წყალში გახსნილი შაქრის მოსატანად წავიდა. შავპერანგიანმა ახალგაზრდამ მითხრა:
_ პასუხების უკეთ გაცემაში დაგეხმარები. საერთოდ, ყური თუ გქონდა მოკრული, რომ ჩვენ ზოგიერთ იმათგანს, ვისაც სიკვდილს უსჯიან, არ ვკლავთ?”
_ მათ უმეტესობას! _დაამატა მოხუცმა. ახლაგაზრდამ განაგრძო:
_ მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ სიკვდილით დასჯის პროცედურას, მერე კი ისინი გარკვეული ფსიქოლოგიური ექსპერიმენტებისათვის მიგვყავს. რამე თუ გაგიგია ამის შესახებ?
_ რამე თუ გაგიგია ამის შესახებ?
_ რამე თუ გაგიგია ამის შესახებ?
გამომძიებელი ისევ მირტყამდა თავში, პირდაპირ კეფაში და მეუბნებოდა: “არ დაფიქრდე, შემოხაზე! არ დაფიქრდე!” მეც “არა” მოვნიშნე.
_ ჩემს თავს წარმოგიდგენთ, _ მითხრა მოხუცმა, _ “ფსიქოლოგიის დოქტორი აზოდი”. “ფსიქოლოგიის დოქტორი მანუჩეჰრი”, _ თქვა ახალგაზრდამ.
_ ნუ ნერვიულობ, არც შენ მომკვდარხარ, არც შენი ოჯახის წევრები, ყველანი ჩვენთან ხართ. რა თქმა უნდა, გარეთ მყოფებისათვის თქვენ მკვდრები ხართ და აღარ არსებობთ,” _ დამამშვიდა გამომძიებელმა.
_ მისმინე, ჩემო ძვირფასო, _ მომმართა მოხუცმა, _ ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს ერთად გასაკეთებელი, აგიხსნი, რომ უფრო მალე მივიღოთ შედეგი. ჭკვიანი კაცი ხარ, კარგად შეგიძლია საკუთარი მდგომარეობის გააზრება. შენი წარსულიდან ჩანს, რომ გამძლე ადამიანი იყავი. დავალებული გვაქვს, ჩვენი დაზვერვის ორგანიზაციისა და სხვა ორგანოებისათვის გავზომოთ შენი, როგორც სტატისტიკური ერთეულის, ნებისყოფის წირი. როგორ ფიქრობ, რამდენად მზად ხარ ამისთვის?”
კედელზე დიდი მილიმეტრულა გააკრა, რომელზეც პუნქტირით რამდენიმე წრფე იყო გამოსახული.
მივშტერებოდი მათ და ვერ გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს. ისევ ტირილი ამივარდა. ცრემლიანი თვალებით ისე შევცქეროდი, როგორც ბავშვობაში მამაჩემს, რომელსაც ხელში მათრახი ეჭირა. თითქოს გუშინ იყო, თითქოს დღეს ხდებოდა ეს ყველაფერი და მე არ ვიცოდი, ახლა რომელი დრო იყო, ამ თამაშისა ვერაფერი გამეგო. ჯერ კიდევ მეგონა, რომ, შესაძლოა, მკვდარი ვიყავი, იქნებ მეძინა. რამდენჯერმე დავიყვირე და ხმა თავისუფლად ამომივიდა. სულ არ ჰგავდა ჩემს ყვირილს სიზმარში, როცა ხმა მეგუდებოდა და არ ამომდიოდა ხოლმე, თითქოს ვიხრჩობოდი.
აზოდიმ მითხრა: “არის რამე, რაც არ გაგითქვამს?” ჩემმა გამომძიებელმა უთხრა: “არა, სიტყვას გაძლევთ. გინდაც იყოს რაიმე, უვარგისი იქნება. მაგათი ორგანიზაცია იმდენად გონიერია, რომ ინფორმაციას არ დაგიტოვებს. სადამდეც შეთანხმებული იყო, წინააღმდეგობა იქამდე გასწია, მერე მთელი გაბაზრებული ინფორმაცია დაფქვა. ახლა ბოლომდეა დაცლილი.” აზოდიმ მითხრა: “მაშ, სჯობს, იცოდე: ჩვენ შენგან არანაირი ინფორმაცია არ გვჭირდება. ერთადერთი რამ გვინდა _ სტატისტიკური ერთეულის ნებისყოფის წირის მიღება.”
_ კეთილი და პატიოსანი. ერთი ამ კითხვას უპასუხე: “გინდა ცოცხალი დარჩე?”
უკვე თანდათან ყველაფრის აზრზე მოვდიოდი. გაბრუებულმა ამ გართულებული მდგომარეობიდან თავის დასახსნელად ვცადე, გონება მომეკრიბა.
აზოდიმ მეორედ მკითხა: “გინდა, რომ ცოცხალი იყო?” კითხვის გასწვრივ ოთხი კვადრატი იყო მოცემული პასუხებით: “დიახ”, “არა”, “ისე რა”, “არ ვიცი”. ვიცოდი, მე ისინი ცოცხალს არ დამტოვებდნენ, არც მინდოდა ასეთი ტანჯული სიცოცხლე. ადამიანს, წამებისა და ფსიქოლოგიური პრესის ქვეშ, ყოველთვის სიკვდილი სწყურია. მაგრამ მივხვდი: თუ ამათ სიმართლეს ვეტყოდი, უფრო ადრე მიაღწევდნენ საწადელს. ამიტომ ვუპასუხე: “კი, მინდა ვიცოცხლო”. აზოდიმ ხელიდან კალამი გამომართვა და დადებითი პასუხის კვადრატი თავად გადახაზა. მერე მკითხა:
_ ახლა მითხარი, რამდენი წამების შემდეგ გადათქვამ ამ სურვილს? მაგალითად, გინდა, ათასჯერ მოგხვდეს მათრახი და ცოცხალი დარჩე, თუ მოკვდე და ათასი მათრახი არ იწვნიო?”
არც დავფიქრებულვარ, მაშინვე ვუპასუხე: “ვიცოცხლო მინდა”. ისევ მკითხა: “ორი ათასი მათრახი, ელექტროშოკი და ცოცხალი დარჩენა გირჩევნია, თუ სიკვდილი და წამებისგან გადარჩენა?” მათთვის თავგზის ასაბნევად ვუპასუხე, მინდა, მოვკვდე-მეთქი. აზოდიმ თავად აღნიშნა პასუხი და განაცხადა:
_ აქამდე სწორად მიდიოდა. ერთი შემთხვევის გარდა, თითქმის ყველამ ასევე უპასუხა. ათასზე მეტი მათრახი ელექტროხელკეტით აუტანელია და ყველა სიკვდილს ამჯობინებს ხოლმე. თუ სიკვდილს ვერ ახერხებენ, რაც უნდა ვთხოვოთ, ყველაფერს გვისრულებენ. შენც ხომ ასე ფიქრობ?
არ ვიცოდი, რა მეპასუხა. გამომძიებელი მომიახლოვდა და ხელუკუღმა გამალებით მირტყა თავში: “არ დაფიქრდე! უპასუხე! უპასუხე! არ დაფიქრდე!” დიახ-მეთქი, ვუთხარი. “ძალიან კარგი, _ თქვა მოხუცმა, _ ისინი შემოიყვანეთ”.
ოთახის კარი გაიღო და გორგოლაჭებიანი სამი ვიწრო საწოლი შემოაგორეს. ჩემი ოჯახის წევრები საწოლებზე მიებათ, არც ერთს თვალი ახვეული არა ჰქონდა. უნებლიეთ წამოვხტი და ჩემი ქალიშვილის _ მუნას საწოლს გადავემხე. ჩემი გოგონა ჩემს სახელს ახსენებდა, “მამი, მამიო”, გაიძახოდა. რამდენიმე თვის წინანდელივით იყო, როცა ასაცრელად წავიყვანე, ყვიროდა, თან მეხუტებოდა და თან გამირბოდა. ახლაც, ღმერთმა იცის, რა უბედურება დამართეს _ ჩემიც ეშინოდა. მეძახდა, ხელ-ფეხი დაბმული ჰქონდა. გამომძიებელმა ჩემი სკამზე დაბრუნება მოინდომა, მაგრამ აზოდიმ არ დაანება. ჩემს გოგონას სახე დავუკოცნე, დედას _ ნარგესსა და ჩემს ცოლს, სუსანს, შევხედე. ვერაფერს ვუშველიდი. სამივესათვის ხელ-ფეხი შეეკრათ, საწოლის რიკულებიდან მათი ფეხისგულები მოჩანდა. გამომძიებელმა ხელში მათრახი მომცა. აზოდიმ მკითხა:
_ მისმინე, ჩემო კარგო, მინდა, დაუფიქრებლად, მაგრამ ზუსტად მითხრა, რომელი უფრო გიყვარს: დედა, ცოლი თუ ქალიშვილი?
მყისვე მივუგე: “ყველა!”
_ თუ გადაწყდა, რომ ან შენ უნდა გამათრახდე, ან რომელიმე მათგანი, რომელი თქვენგანის გამათრახება გირჩევნია?
_ არც ერთის!
_ თუკი ათასზე მეტ მათრახს დაჰკრავ, რომელს გირჩევნია, რომ მოხვდეს?
გარეულ ღორად ვიქეცი. აზოდის სახეზე მათრახი გადავუჭირე. ტკივილისგან ორად მოიკეცა. გუშაგები ჩაერივნენ და თავს დამაცხრნენ. მათრახი ხელიდან გამომგლიჯეს და “აპოლოზე” მიმაბეს. ფეხები მაგრად დამიკრეს, თითები ამომიბრუნეს და ღვედით დამიმაგრეს. თავზე მოტოციკლეტისტის ქუდი დამახურეს. ახლა ყურში აზოდის ხმა ჩამესმოდა. ჩემ წინ წითელი და ყვითელი ნათურები ინთებოდა და ქრებოდა. თვალს მჭრიდა. აზოდის ასისტენტის ხმა ყურში ისე ჩამესმოდა, როგორც ბავშვობისას აბანოში გაგონილი სიმღერის ექო:
_ შენ სწორედ ისე იქცევი, როგორც გონიერი ადამიანი. ფსიქოლოგია ამბობს: ცხოველებიც კი, როცა მათ გასაქცევი გზა არა აქვთ და დიდ საფრთხეს გრძნობენ, თავს ესხმიან. შენც თავს დაესხი, როგორც განსაცდელში ჩავარდნილი კატა ჩაკეტილ ოთახში, როგორც დემონსტრაციის დროს ალყაში მოქცეული ადამიანები, რომლებსაც გასაქცევი გზა მოჭრილი აქვთ. ამიტომაც უტოვებს მათ პოლიცია ვიწრო გასაქცევს და მერე თავს ესხმის. ასე, ამ პატარა გზის იმედით, ისინი შეტევაზე არ გადადიან. კარგი, ბატონო. აქამდე ფსიქოლოგიისათვის ყველაფერი გასაგებია. ახლა უნდა ვნახოთ, რა რეაქცია ექნება უძლიერესი წნეხის ქვეშ აღმოჩენილ იდეალისტ ადამიანს _ განსაკუთრებულ ეგზემპლარს _ რომელიც თავისი სახეობის წარმომადგენლებისგან მეტი ემოციურობით გამოირჩევა, სიტუაციაში, როცა სიკვდილი შეუძლებელია, ხოლო გასაქცევი გზა არ გააჩნია. არსებობს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც იგი მთელ თავის სულიერ ძალას იკრებს, რომ მოკვდეს და კვდება კიდეც. როგორც დერვიში, რომელმაც ათარის1 თვალწინ გადაწყვეტილება მიიღო და მოკვდა. სხვა ჰიპოთეზა კი ამტკიცებს, რომ იგი იქცევა ისე, როგორც ექცევა საკუთარ ნაშიერს განსაცდელში მოხვედრილი ყველაზე მგრძნობიარე ცხოველი. ხომ გაგიგონია, გახურებულ აბანოში დაწვისგან თავი რომ გადაერჩინა, როგორ დაიგო მაიმუნმა საკუთარი შვილი ფეხქვეშ? თუ გსმენია ეს ამბავი? თუ გსმენია ეს ამბავი?
თხემიდან ტერფამდე ტკივილმა დამიარა. მეგონა, მათრახის ნაცვლად ფეხისგულზე ხეს მირტყამდნენ. დარტყმისას ვიგრიხებოდი, ღვედებში მოქცეული თითები მელეწებოდა. წითელი და ყვითელი შუქი დარტყმაზე იყო აწყობილი. ნათურის წითლად ანთებას მათრახის დაკვრა მოსდევდა. ყველაფერი მტკიოდა. აინთებოდა ყვითელი _ აღარ მირტყამდნენ. ისევ წითელი განათდებოდა და მოდიოდა მათრახი. ყვითელი რომ ენთო, წითლის შიშით მიცემდა გული, წითელი რომ ენთო _ ყვითლის ტკივილის განცდა მქონდა. წითელ-ყვითელის შიში და ტკივილი მორიგეობით ერთმანეთს ენაცვლებოდა. ტკივილისგან მეჩვენებოდა, თითქოს ცხვარი ვიყავი და მკოდავდნენ. მესმოდა ექიმის ასისტენტის ხმა, რომელიც წამების მერე ფეხებს მიხვევდა. თირკმელზე ხელებს მაწყობდა და მასაჟს მიკეთებდა, თან ფსიქოლოგს ეუბნებოდა:
_ მათრახი ფეხისგულს რომ ხვდება, კანქვეშ სისხლი დედდება. სისხლში შარდოვანა იმატებს და თირკმელი ვეღარ მუშაობს. მასაჟი სჭირდება. იქნებ ჩუმად მითხრათ, რის გაკეთებას აპირებთ, რათა სულის კორექცია კოორდინირებულად წარიმართოს. მეშინია, არ ჩამოგრჩეთ.
მერე წნევა გამიზომა. მათრახს რომ მირტყამდნენ, ფონენდოსკოპით ჩემს გულისცემას აყურადებდა და შიგადაშიგ ვენაში რაღაც ნემსს მიკეთებდა.
ახლა განსხვავებულად დამიწყეს ცემა. გავწამდი. მრავალჯერ მირტყეს მათრახი წითელი შუქის ნათებასთან ერთად იმავე რიტმით. მე კი, როგორც კი ნათურა აინთებოდა, წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, კბილს კბილზე ვაჭერდი და ტკივილს ვამცირებდი ან ყვირილს ვამთხვევდი, რადგან დარტყმის პროგნოზირება შემეძლო. მაგრამ ზოგჯერ, როცა წითელი აინთებოდა და წინააღმდეგობის გასაწევად მთელ კუნთებს დავჭიმავდი, ისინი მათრახს დაუშვებდნენ ხოლმე და ყვითელი შუქის ანთებას ელოდებოდნენ, რომ მოვდუნებულიყავი და აი, მაშინ მირტყამდნენ. ამ ერთგვარ გრძნობიერ გაურკვევლობაში, სულიერ მოუმზადებლობაში, როცა სული მეწვოდა და ტვინი მიწუოდა, წითელი და ყვითელი შუქი ერთმანეთში მერეოდა და ვხედავდი უწყვეტ ნარინჯისფერ სინათლეს, რომლის გააზრებაც და რომლისგან თავდაცვაც შეუძლებელი იყო. ერთადერთი ის ვიცი, რომ სულს მიდაგავდა. იყო შოკი, სიგარეტ “ვინსტონით” ყურისძირას, მკერდზე, იღლიის ქვეშ და სხვა მგრძნობიარე ადგილებში კანის დაწვა. წვისგან სული მიგუბდებოდა. გული ბევრჯერ შემიღონდა და მომაბრუნეს. მრავალჯერ დაკარგა შეგრძნება ფეხებმა. მოედანზე ფეხშიშველა მარბენინეს, მგრძნობელობა რომ დამბრუნებოდა. მათრახის სისქეს წამდაუწუმ ცვლიდნენ: მსხვილიდან წვრილზე გადადიოდნენ, წვრილიდან _ მსხვილზე, რომ წვრილს დაეწვა, მსხვილს _ დაეზრო. შეგრძნებისა და უგრძნობლობის, ტკივილისა და უტკივარობის თამაში იყო. არაფერი გამეგებოდა. წამებამ იმდენ ხანს გასტანა, ასი ინფორმაციის გაცემას რომ დასჭირდებოდა.
ჩემმა გამომძიებელმა მოგვიანებით მითხრა, პირველ ჯერზე “აპოლოდან” ორი დღის მერე მოგხსნესო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქალი ვიყავი, რომელმაც ასჯერ დაბადა თავისივე ზომის ბავშვი. ვიტანჯებოდი და მთელი ეს ხანი დედაჩემი ნარგესი, ცოლი სუსანი და ქალიშვილი Mმუნა ჩემს აუტანელ წამებას ესწრებოდნენ.
_ დასაწყისისთვის საკმარისია, _ თქვა აზოდიმ, _ ახლა უფრო გულითადად ვისაუბრებთ. ამჟამად შენ მიერ წამების აღქმა შემეცნებითი აღქმაა. სიკვდილი გინდა თუ სიცოცხლე?
პირი გავაღე, მაგრამ ხმა არ ამომივიდა, მხოლოდ თავი დავაქნიე. აზოდიმ მითხრა:
_ ვიცი, ლაპარაკი არ შეგიძლია, არ თამაშობ. მართლა ვერ ლაპარაკობ. ყველა სტატისტიკურ ნიმუშს ასე დაემართა. მხოლოდ თავით დაადასტურე ან უარყავი. გინდა სიკვდილი?
თავის დაკვრით დავუდასტურე. მისი ასისტენტი კედელზე გაკრულ მილიმეტრულაზე პუნქტირით გავლებულ წირს ამუქებდა. აზოდიმ ისევ მკითხა:
_ შენი სიკვდილის სანაცვლოდ თუ ხარ მზად, რომ შენს ცოლს, ქალიშვილს ან დედას ასჯერ დაჰკრა მათრახი?
არ მიპასუხია. გამომძიებელმა დაიძახა: “მიაბით “აპოლოზე”-ო და ნარინჯისფერი მაჯლაჯუნასავით დამეცა. როგორ არ ვცადე, მფრინავის ჩაფხუტიდან თვალებით შევვედრებოდი და წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. ამჯერად ფეხისგულებთან ახლოს პატარა გაზის ბალონიც შემიდგეს და იმავე რიტმით, მაგრამ ამჯერად უფრო სწრაფად, დამიწყეს გამათრახება. მეგონა, ქათამი ვიყავი, რომელსაც ცოცხლად ხარშავენ, ცოცხალს პტყვნიან; თითქოს ქალი ვიყავი, რომლის საშოდანაც მთელ სამყაროს გარეთ ეწეოდნენ. გამომძიებელმა მითხრა: “რა წამს დათანხმდები, რომ მათრახი დაჰკრა, ტანის გატოკებით მანიშნე”-ო. ყოველ დარტყმაზე უნებურად ვიგრიხებოდი და ვიკლაკნებოდი, ისინი კი არ მხსნიდნენ. არანაირი გამოსავალი არ მქონდა. ათასჯერ გადავწყვიტე, მოვმკვდარიყავი და არ მოვკვდი. ძაღლის სული აქვს ადამიანს!
სამ დღეში ბორკილი ამხსნეს და მაგიდაზე დამაგდეს. ზომით ორჯერ მოვიმატე. გამომძიებელმა სახესთან სარკე მომიტანა. დასივებულ სახეზე თვალები არ მიჩანდა. ფეხები შავი ტყავის მუთაქას მიმიგავდა. ექიმის ასისტენტმა მკლავზე ერთნახევარჯერ ძლივს შემომიჭირა წნევის აპარატის სამკლავური.
მაშინღა აღმოვაჩინე, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე სისტემა მედგა და ორგანიზმს წამლით კვებავდნენ.
_ საბედნიეროდ, კარგად არის და შეგიძლიათ თავიდან დაიწყოთ. წამლების წყალობით გული გამართულად მუშაობს. შარდოვანას პროცენტული რაოდენობა ნორმალურია. ვენაში პენიცილინის ინექცია ნაიარევის დაჩირქებას ხელს უშლის, _ თქვა ექიმის ასისტენტმა.
მერე მთელ სხეულზე მალამო წამისვა. მეჩვენებოდა, თითქოს მისი ხელები ჩემგან ერთი მეტრის დაშორებით მეხებოდა სხეულზე. აზოდის თანაშემწე კვლავინდებურად პუნქტირიან წირს ამუქებდა. დედასა და ცოლ-შვილს პირი ისევ აკრული ჰქონდათ და დაჭყეტილი თვალებით შემომცქეროდნენ. მაგრამ, განსხვავებით წინა ჯერისგან, როცა ამხსნეს, მოუსვენრობა არ ეტყობოდათ. მგონი, მათაც რაღაც ნემსი გაუკეთეს, ჩემთვის თვალი რომ არ მოეშორებინათ და სხვა არანაირი რეაქცია არ ჰქონოდათ. ისევ ეჭვებში ჩავვარდი: მკვდარი ვიყავი თუ მესიზმრებოდა? მინდოდა, თვალი გამეხილა, გამღვიძებოდა, გავცოცხლებულიყავი და დამენახა, რომ წამების ხსენებაც არ არის, რომ ცხოვრება მშვიდად მიედინება, რომ ლოგინი გაშლილია, რომ ვიღაცის ხელი მეფერება. მინდოდა, ამ კოშმარისათვის თავი დამეღწია და დამენახა, რომ მუნა იმ კოშმარის დროს ჩემმა გმინვა-ყვირილმა გამოაღვიძა და ჩემი კალთისთვის შეუფარებია თავი. ო, მუნა! ახლა შენ უფრო მჭირდები, ახლა შენ უნდა მიხსნა ტანჯვისგან! ახლა დროა, შენ შემიფარო, შენ უნდა ეწამო ჩემზე უწინ. ჩემი ნებისყოფის წირი შეივსო. ბოლოში გავედი. ვერ ხედავ რკინისმჭრელ ხერხს გამომძიებლის ხელში? ვერ ხედავ ელექტრობურღს, მანუჩეჰრის რომ უჭირავს? ქვა ხომ არა ვარ? რკინა ხომ არ ვარ?! ადამიანი ვარ. ეს აბანო იმ მაიმუნის აბანოზე უფრო მეტად წვავს. მაგრამ რა ვქნა? მე ხომ ის მაიმუნი არა ვარ?! არ შემიძლია, ვერ დაგარტყამ. ეგებ _ სუსანს, ეგებ _ ნარგესს, მაგრამ შენ _ ვერასოდეს!
გამომძიებელმა ხერხი ფეხზე დამადო და ერთხელ მოსინჯა, მუშაობისას როგორ მოძრაობდა წინ და უკან. გარეთ რაღაც კუპრისმაგვარი გამოიპნა. მანუჩეჰრიმ ელექტრობურღი დენში ჩართო. ხმაურმა ოთახი გაბურღა. აზოდიმ განაცხადა:
_ ახლა იწყება ჩვენი საქმე. ჩვენ ოპერაცია უნდა გაგიკეთოთ. იმისათვის, რომ შენს სულამდე მივაღწიოთ, ჯერ შენი სხეული უნდა გავიაროთ. შეგიძლია, მშვიდად იყო: ფსიქოლოგს ექიმი ეხმარება, შენი სულის შენივე სხეულიდან გარეთ გამოსვლა რომ არ დაუშვას. ის შენს სულს ამ სხეულში დააკავებს, ჩვენ კი ოპერაციას გაგიკეთებთ. აბა, გეთაყვა...
ისევ დამეჭიმა მთელი კუნთები. ჩემი სისხლი, ჩირქი და შარდი ერთმანეთში არეულიყო.
_ არ გინდა, ფეხის წვერიდან კინკრიხომდე თითო სანტიმეტრიანი შუალედით დაგხვრიტო? _ მითხრა აზოდიმ, _ ხომ არ გინდა, საკუთარი ნარწყევი ჭამო?
მანუჩეჰრიმ ბურღის წვერი ფეხზე დამადო და ჩართო...
ჩემი სისხლიანი ნარწყევი მთლიანად შევჭამე და დაღლილი სული დამიბინძურდა. ვარწყიე, მათ კი მაიძულეს, უკან ჩამებრუნებინა. ამჯერად გამომძიებელს გულისრევა აუტყდა, სახეში შემაფურთხა და გავიდა. მანუჩეჰრიმ ზედ მარწყია, აზოდიმ ცხვირზე ხელი მოიჭირა და გარეთ გავარდა.
რა გრძნობაა, ღორი რომ ხარ? აფთრობა რა მდგომარეობაა? მატლის, ლოკოკინას ტანჯვა რა გემოსია? სიკვდილი რაღაა? ადამიანური უძლურების რომელ წერტილში მდებარეობს?
ჩვევად მქონდა _ ხელი ან ფეხი რომ დამესვრებოდა, სანამ იმ ადგილს არ გავიწმენდდი, ვწუხდი. ცხადია, ფიზიკურადაც და სულიერადაც. სული შიგნიდან მქონდა წაბილწული და საკუთარი თავი მეზიზღებოდა. რის ვაი-ვაგლახით, წელში გაწყვეტილ, გასრესილ ჭიაყელასავით, რომელიც მიწაზე თავს მიათრევს, საწოლის სადენს მივწვდი და შტეპსელში შევარჭვე, თავი რომ მომეკლა _ დენი გაითიშა. რევოლვერის ასაღებად გამომძიებლის მაგიდის უჯრა გამოვწიე. მომეჩვენა, თითქოს ორი ათას კილოს იწონიდა. ლულა თავში დავიმიზნე, საფეთქელთან ჩახმახს გამოვკარი _ ტყვია არ აღმოჩნდა. ოთახი ნამდვილ ჯოჯოხეთად ქცეულიყო.
ის დღეები სრულ ჭკუაზე არ ვიყავი. რა დრო გავიდა? არ ვიცი. ოღონდ ვგრძნობდი, რომ ერთგვარ ფსიქოლოგიურ დროში შევაბიჯე, რომლის ყოველი წამის წკრიალი ერთიანად ტკივილი იყო, ხოლო წუთების ძახილი _ ყველა სიკვდილზე უფრო დიდი სიკვდილი; სიკვდილი, რომელიც არ არსებობდა და ტკივილი, რომელიც ჩემს არსებობას აღემატებოდა. ტკივილი, რომელიც ჩემში იყო დაგუბებული და უნდოდა, გავეგლიჯე და მთელი ოთახი მოეცვა, ოთახიდან გარეთაც გაეღწია. თითქოს ჩემი ჭიქაში ჩატენვა უნდოდათ და არ გამოსდიოდათ.
ისევ მობრუნდნენ ოთახში. “აპოლოზე” მიმაბეს. თავზე მფრინავის ჩაფხუტი დამახურეს. ვერაფერს ვხედავდი წითელი და ყვითელი შუქის, ურჩხულის მსგავსი ნარინჯისფრის გარდა, რომელიც ფოლადივით მადნობდა. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერ მივხვდი, ახლა რაღას მიპირებდნენ. თითქოს მათრახი, დაწვა, შოკი, ხერხვა და ბურღვა აღარ მელოდა. რამდენიც არ ვიფიქრე, ვერაფერი გავუგე ჩემს მდგომარეობას. მეჩვენებოდა, რომ საკუთარ თავს ვშობდი. საკუთარ თავს ისევ ვსანსლავდი, რომ თავიდან მეშვა; თითქოს გველი ვიყავი, ტყავს რომ იცილებს, ქათამი, რომელსაც ცოცხლად ხარშავენ, ცხვარი, ცოცხლად რომ ატყავებენ, ჭრილობა, რომელსაც მარილში აწობენ; იმ ქათმის კისრის იარა ვიყავი, თავი რომ წააცალეს და ეზოში ფართხალებს. თვალი ვიყავი, თითით ან დანის წვერით ბუდიდან რომ ამოაგდეს; ბავშვი ვაყავი, რომელსაც ლომი, ვეფხვი თუ მგელი ფეხიდან დაუყვება და ნება-ნება ცოცხლად მიირთმევს; მწყურვალი, რომელსაც მდუღარე მარილწყალი დაალევინეს; ალმოდებული, რომელსაც ცეცხლის ჩასაქრობად გამდნარ ფისს ასხამენ; მეჩვენებოდა, რომ ის კაცი ვიყავი, რომელმაც უკვე აღარ იცის, ვინ არის, კაცი, რომელსაც გრძნობა არ გააჩნია... და წირმა პიკს მიაღწია. დადგა მომენტი, როდესაც ჩემს სულში უკვე აღარაფერი იძვროდა იმ ენით აუწერელი მდგომარეობიდან თავის დახსნის სურვილის გარდა.
ხელში მათრახი მეჭირა. ეს იყო წამი, როდესაც ორსულ დედებს მშობიარობა ეწყებათ, სწორედ ის მომენტი, როცა ცოცხლები კვდებიან, ხოლო მკვდრები ცოცხლდებიან, დრო, როცა ენა ხელის მაგივრობას ვერ სწევს, გული ვეღარ ითმენს გონების დევნას...
...მე ვურტყამდი დედას, მაგრამ ხელს ვერ ვიმორჩილებდი. მათრახი სწორად არ ეშვებოდა, ხან იქით ხვდებოდა, ხან _ აქეთ. საწოლზე დაბმული დედა კი ცდილობდა, მათრახისთვის სხეული დაეხვედრებინა. მეხმარებოდა, მათრახი მკერდში და სახეში რომ მომერტყა მისთვის. ჩემი გოგონა დამჯარი მომკვდარიყო, ცოლი სუსანი სისხლიან ლოგინში ცურავდა. მათ მიმართ ვეღარაფერს ვგრძნობდი, ყველაზე მივიწყებულ გრძნობებშიც კი მათ კვალს ვერ ვაგნებდი. ამაოდ ცდილობდა დედა, მათრახი მოხვედროდა. მე თავად ვაკეთებდი ამას და მისი საქციელის აზრს ვერ ვხვდებოდი. აზოდი ამბობდა:
_ სწორია. ვაჟის ჩახშობილი კომპლექსები დედის მიმართ. ეს მათრახი იმ დათრგუნული კომპლექსების გამოძახილია.
გრძნობა დაკარგული მქონდა და ცემისგან ვიღლებოდი. ასისტენტი “აპოლოს” დამანახვებდა ხოლმე და მეც ჩემს ცოლს, სუსანს, გადავუჭერდი თავში. აზოდი ამბობდა: “ეს პირობითი რეფლექსია. სტატისტიკურ ერთეულად აღებულ ნებისმიერ მოქალაქეს მათრახს რომ დაანახვებ, შენი მთავრობისათვის, რასაც გინდა, იმას გააკეთებს.” და მეც მუნას დავარტყი. მათრახის ერთი დაკვრით მოიცელა. მანამდე იყო მკვდარი, მაგრამ თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი. მერე საკუთარ თავს გადავუჭირე, მერე _ ისევ მუნას, ისევ დედაჩემს, ისევ საკუთარ თავს, ისევ _ მუნას.
_ აი, ეს გახლავთ სწორედ ასოციაცია, არაცნობიერი, _ თქვა აზოდიმ. და მე ვურტყამდი ცოლს, რომელიც სისხლის ლოგინში იწვა შავი საპატარძლო კაბით, მისი უბიწობის კერას, მკერდს და ისიც, თავისი მზერით ფინიშის სწორზე იყო მისული, მე მეყრებოდა, “სულით უცხოები” ვხდებოდით. ჩემს მათრახს გაურბოდა. აზოდი და მისი ასისტენტი “აპოლოსკენ” მითითებდნენ. და მე ცოლს ვურტყამდი.
_ პროფესორო! სიყვარულის უნარიც? – ეკითხებოდა ასისტენტი.
_ სიყვარული მისთვის აღარ არსებობს. “აპოლომ” მოკლა. სიყვარულს აზრი აქვს იმისთვის, ვინც ჯერ ვერ მიმხვდარა, რომ სიმართლე იმაზე უფრო მწარეა, ვიდრე ჩანს.
ისინი “აპოლოზე” მითითებდნენ, მე კი ცემის ძალა აღარ მქონდა. დედა ისევ უხვედრებდა ჩემს მათრახს სხეულს. გამომძიებელი გაიძახოდა: “თახსირი დედაკაცი, ვირიშვილი!”
_ ეგ არის სიყვარული, _ ამბობდა აზოდი, _ მაგის ტესტისთვის სტატისტიკური ერთეულები გვჭირდება.
მერე, როცა ჩემთვის უცხოდ ქცეული დედისა და ცოლის სისხლი ერთმანეთში აირია, მათრახი გამომართვეს.
გამომძიებელმა მიმართა: “ბატონო დოქტორო, მაპატიეთ, მე თქვენსავით სამეცნიერო განათლება არა მაქვს, მაგრამ მაინტერესებს... ჩვენ, უბირ ხალხს ერთი ანეკდოტი გვაქვს... მითხარით, თუ შეიძლება, ესეც ფსიქოლოგიაა თუ ყლინჯოების ანეკდოტია?..”
_ გთხოვთ, ამ ქალბატონების წინაშე ზრდილობიანად მოიქცეთ! _ დატუქსა აზოდიმ.
_ ერთ მასტს ეუბნებიან: შეყვარებულობა უარესია თუ შიმშილიო. უპასუხია: ღმერთმა ისე არ გაგიჭირვოს, რომ ორივე დაგავიწყდესო. ეგეც სიყვარულის უნარი არ არი? ფსიქოლოგიაა, არა, დოქტორო?
_ ცოტა შევისვენოთ და მერე განვაგრძოთ, _ თქვა აზოდიმ.
ახლა ვერ გეტყვით, მაშინ რა დღეში ვიყავი. დედაჩემი კვლავინდებურად თვალებით მეფერებოდა და ჭრილობებზე სალბუნს მადებდა, მაგრამ ყველაფერი იმ ოთახში ცოცხლად მმარხავდა, ანთებული სანთლით ცოცხლად მწვავდა1, ცოცხლად მკლავდა და არ ვკვდებოდი. ათასჯერ შევძახე:
_ ჰეი, უბადრუკო, უსუსურო სიკვდილებო, სადა ყრიხართ? ჰეი, სასიკვდილო ტყვიავ, შენ გნატრულობ! ცხვრების სასაკლაოვ, შენ მწყურიხარ... კეთილო სიკვდილო, საყვარელო სიკვდილო, დიდო სიკვდილო, მხსნელო სიკვდილო, სულმოუთქმელად დაგეძებ...”
ყელში ხელს ვიჭერდი, მაგრამ ჰაერი სხვა გამოსასვლელს პოულობდა. ისევ ვიჭერდი, სუნთქვა რომ შემკვროდა, გონებას ვკარგავდი, ხელები მიდუნდებოდა, მივარდებოდა და სუნთქვა ისევ აღმიდგებოდა. ამიტომ ამბობდა აზოდი, არავის შეუძლია თავის მოკვლაო. ერთადერთი, რაც ყველას შეუძლია _ გადაწყვიტოს, მოკვდეს. ეს საქმე რომ გამოუვიდეს, მისი აღსრულება სხვას უნდა მიანდოს: რაიმე ნივთს, რომელიმე წამლის ბოთლს, რომელიმე თოკს, რათა, რომც მოინდომოს, ვეღარ გადაიფიქროს; რომც ვერ მოახერხოს, იმ სხვამ მოახერხოს.
სიკვდილსაც შემწე და მშველელი უნდოდა, მე კი ყველა ხელის შემშველებელი ხელიდან გამომეცალა. განა დედაჩემი მზად იყო, მოვეკალი? ნუთუ ჯერ კიდევ ასე ძლიერ ვუყვარდი? ცოლს კიდევ ჰქონდა შერჩენილი ჩემი სიყვარული? მუნას?..
ვაი, რა წუთები იყო! კი ვცდილობ, ეს ამბავი ისე მოვყვე, როგორც იყო _ უემოციოდ, ქირურგივით დაუნდობელი ვიყო და მკვლევარივით მიუკერძოებელი, მაგრამ არ გამომდის. გამომცემელს ვთხოვ, რედაქტირებისას ეს მონაკვეთები გაასწოროს და მეცნიერული სულისკვეთება შეინარჩუნოს.
დედაჩემს ხელები შეკრული ჰქონდა, მაგრამ თვალებით მკლავდა და არა ვკვდებოდი. მინდოდა, ზემოდან ეზოში გადამესროლა თავი _ სართულებს შორის გისოსები არ გამიშვებდა. “მიწა პირს არ აღებდა და ზეცა მკლავებს არ შლიდა” და იძულებით ცოცხალი ვრჩებოდი: ტყავგამძვრალი, დაფერფლილი, დაფლეთილი. ტკივილი ღირსებას მითელავდა და თავმოყვარეობას მირღვევდა.
ისევ დაბრუნდნენ. მოვემზადე იმისთვის, რომ, რასაც მომთხოვდნენ, ყველაფერი გამეკეთებინა. მაგრამ აზოდიმ ჩემ წინ სკამი დაიდგა, ჩამოჯდა, ხელი გამომიწოდა და მომილოცა. გამომძიებელმა მითხრა: “ყველაფერი დამთავრდა. შენი სხეული ოფიციალურად მოკვდა”. გაზეთი მომცა. ამას მეორე გვერდზე იუწყებოდნენ. განაგრძო: “შენი სული, რომელიც იძებნებოდა, გამოცვლილია”.
_ გული გამოგირეცხეთ, _ მითხრა აზოდიმ, _ ახლა, ვისაც მოვინდომებთ, იმას შეიყვარებ და, ვისაც ვისურვებთ, იმის მტრობას ჩაიდებ გულში.
_ აი, ეგ გვინდა, თორემ სადისტები ხომ არა ვართ?! _ მითხრა გამომძიებელმა.
_ თქვენი მეცნიერულად გამართული ორგანიზაცია, _ მომმართა აზოდიმ, _ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის გამძლეობას საზღვარი აქვს და გარკვეული წამების შემდეგ ყველა ტყდება ხოლმე. ამიტომაც ინფორმაცია კლასიფიცირებული აქვს, გამძლეობის ხანგრძლივობის მიჯნები აქვს განსაზღვრული. ჰოდა, ჩვენი მსოფლიო ორგანიზაცია საკითხს სხვა მხრიდან მიუდგა. არ ითხოვს მოძველებულ ინფორმაციას, არ აინტერესებს შეხვედრის დრო და არალეგალური ბინები _ მეცნიერული მონაცემები სჭირდება.
მანუჩეჰრიმ დაამატა: “სული მეცნიერების სამსახურში! ჩვენ ახლა იქამდე მივედით, სადამდეც აინშტაინს ატომის აღმოჩენით არ მიუღწევია. მან ატომის ბირთვი გახლიჩა, ჩვენ _ ადამიანისა. მომილოცავს, პროფესორო!”
ერთმანეთი გადაკოცნეს. ხელები მსუქან ფერდებში მოუთათუნეს ერთმანეთს. გამომძიებელს უკვე ძაღლადაც არ აგდებდნენ. მილიმეტრულა კედლიდან ჩამოხსნეს, საქაღალდეს დაადეს, “საქმეები” იღლიაში ამოიჩარეს და ოთახი დატოვეს.
გამომძიებელმა, თუ რამე უშვერი გინება იცოდა, ყველა უკან მიაყოლა. დამიჯდა და მოთქმით ატირდა. მევედრებოდა, შემიბრალე შერჩენილი სულგრძელობითო. არ მქონდა შერჩენილი და არ შემებრალა. მაშინ გაბრაზდა. მათრახს ხელი დაავლო, მხარზე გადაიგდო, კედელზე მილიმეტრულა გააკრა, ზედ ავტოკალმით წირი გაავლო და მითხრა: “შე იმასქნილო, თუ ჩემი გულისთვის არ იტირებ, შენს წირს აი, ამ სიმაღლემდე ავიყვან!” მოვყევი მოთქმა-გოდებას მისთვის, თავი ვიგვემე, ავტირდი ისე, რომ გული არ გამტოკებია. შევებრალე, მომეხვია, თითები გასივებულ ფერდებში ჩამავლო და მითხრა: “დაზვერვის ორგანიზაციის გამომცემლობის წინადადება უნდა გადმოგცე: დაწერე, რაც მოხდა, რომ მთელი ეს გამოკვლევა იმ ნაბოზარმა ფსიქოლოგებმა არ მიიწერონ, ემანდ არაფერი შეეშალოთ: ჩვენი ლაბორატორიის გარეშე ეგენი მძღნერები იყვნენ და ვერაფერს გახდებოდნენ.”
დავეთანხმე. ერთი თვის თავზე, როცა გამოვკეთდი, წერას შევუდექი. მან მითხრა: “ეს წიგნი იმით არის კარგი, რომ აღარ დამჭირდება სამ მილიონ კაცზე სათითაოდ ექსპერიმენტის ჩატარება იმისთვის, რომ კარგ მოქალაქეებად ვაქციო, ისეთად, როგორიც შენ ხარ: ნებაზე თუ მიგიშვებ, ცუდს არაფერს ჩაიდენ. საკმარისია, ეს წიგნი წაიკითხონ და ყველანი შენსავით ამ დასკვნამდე მივლენ. დაწერე, ყველაფერი ისე დაწერე, როგორც იყო, უფრო შთამბეჭდავი რომ გამოვიდეს.”
მერე, როცა გამომძიებელი გამიშინაურდა, გამომიტყდა, რომ ესეც ფსიქოლოგების მოთხოვნით გააკეთა. განა ჩემთვის უკვე სულერთი არ იყო? ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი.
ახლა მშვენივრად შემიძლია ამ ამბისგან ერთი ბრძნული დასკვნა გამოვიტანო და განვაცხადო: მე უკვე შესწავლილი მოვლენა ვარ, რომლის ასავალ-დასავალი ცნობილია ფსიქოლოგიური მეცნიერებისათვის, ვიქეცი მშვიდ მოქალაქედ, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას გამოადგება. შეუძლიათ ჩემი ტიპი ათასობით ახალ ცივილიზაციას დაუდონ საფუძვლად ისე, რომ მას განადგურების საფრთხე არ დაემუქროს. ახლა ყველას შეუძლია დამიჯეროს: მეცნიერული წამების წყალობით, არც ერთი მეცნიერების საზღვარსა და მიჯნას არ გადავაბიჯებ. ის კი არა, გამომცემელს შეუძლია დამერწმუნოს, რომ ამ თემას ისევ დავწერ ნებისმიერი სხვა სახით ისე, რომ ერთი წინადადებაც არ შეუქმნის საფრთხეს და, ათასი სხვა სათაურით, სხვა მოქალაქეთა ფსევდონიმით, გამოვაქვეყნებ. გამომცემელი დამპირდა, რომ ჰონორარის ნაცვლად თავისუფლებას დამიბრუნებს. ნება დამრთო, თუკი მოვისურვებ, ჩემს ოჯახთან ერთად ვიცხოვრო: ჩემს მკვდარ შვილ მუნასთან, დასახიჩრებულ ცოლ სუსანთან და დედაჩემ ნარგესთან. ბევრი ვიფიქრე და ვხედავ, რომ სულერთია ჩემთვის, რომელ ოჯახთან ვიცხოვრებ. მე, როგორც ჩემი სამშობლოს რიგიან მოქალაქეს, პოლიტიკური ფსიქოლოგიის მიერ შესწავლილ ფენომენს, აღარავისი ბედ-იღბალი და მდგომარეობა აღარ მანაღვლებს. მზადა ვარ, ჩემი მხრივ, საკუთარი თავი, ჩემი ოჯახი, ჩემი ერი და მთელი მსოფლიო მეცნიერულ კვლევას შევწირო. ბედნიერი ვარ და დარწმუნებული, რომ ჩემი წიგნის გამომცემლის ფსიქოლოგ-კონსულტანტებს გასულ თვეში ღამით მშვიდად ეძინათ და არ დარჩენილა რომელიმე უცნობი, რომლის ამოხსნაც ნერვიულობად და მღელვარებად დაუჯდებოდათ.
ო, რა მშვენიერი ღამეებია!
დასასრული: შუაღამე. ფსიქოლოგიური დროის მეორმოცე დღე.
I გამოცემის ეპილოგი:
პრესის კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორმა სრულად მიიღო ჰონორარი. ამჟამად იგი, როგორც ერთ-ერთი ბედნიერი მოქალაქე, საზოგადოებაში თავს მშვენივრად გრძნობს.
II გამოცემის ეპილოგი:
გამომცემელი, გამოთქვამს რა მწუხარებას ხსენებული ავტორისა და მისი ოჯახის წევრების დაღუპვის გამო, უარყოფს ყველა გავრცელებულ ჭორს ქუჩის დემონსტრაციაში მათი მოკვლის თაობაზე. ამასთან, აცხადებს, რომ ტერორისტულ აქტს ადგილი არ ჰქონია. ისინი დაიღუპნენ შემთხვევით, ავტოკატასტროფაში მიკროავტობუსთან შეჯახების შედეგად. ამ ოჯახის სულის საცხონებლად ყველა მოქალაქესა თუ განსვენებულის მიმდევარს ვურჩევთ, წაიკითხოს ეს წიგნი.
mohsen maxmalbafi 1957 წელს დაიბადა თეირანში. მახმალბაფი დღესდღეობით მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორია. იგი კინოდრამატურგიც გახლავთ და, როგორც წესი, ფილმებს საკუთარი სცენარების მიხედვით იღებს. თუმცა თავდაპირველად მახმალბაფი ირანულმა საზოგადოებამ პროზაიკოსად გაიცნო. იგი რომანების: “სოლთუნის აუზი” (1984) და “ბროლის ბაღი” (1986) და მოთხრობების კრებულების (“ორი უჩინო თვალი”, 1984; “სიყვარულის ჟამი”, 1990) ავტორია.
1993 წელს სამ ტომად გამოიცა მ. მახმალბაფის _ მწერლის, კინოდრამატურგის და კრიტიკოსის შემოქმედება სათაურით “მუნჯი მეოცნებე.”
ქართულ ენაზე თარგმნილია მისი ნოველა “მაკოცე” (მთარგმნ. თ. ჯაფარიძე), რომელიც დაიბეჭდა ალმანახ “ახალ თარგმანებში” (#5, 2005), ესე “რაღაც მაინც ბრწყინავს ფორუღის მრუმე სახლში” (მთარგმნ. გ. ლობჟანიძე, ფ. ფაროხზადი, მეორედ დაბადება, თბ., 2005). “სულის ოპერაცია”, რომელიც შეტანილია წინამდებარე კრებულში, ქართულ ენაზე 2005 წელს გამოაქვეყნა “არილმა” (#7-8, მთარგმნ. თ. შურღაია).
Link to the Source: Soul Surgery (Georgian)